У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება, მთავრობის კანცელარიაში მას არ მიუტანია, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, თავად დაწერა თუ არა აღნიშნული მიმართვა. აჭარის მთავრობაში კი თავართქილაძის მიერ ხელმოწერილი განცხადების ორიგინალი და არჩილ ხაბაძის ბრძანება წარმოადგინეს. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პაატა ჯალაღონიას თქმით თანამდებობიდან გაავისუფლების შესახებ განცხადება ხაბაძის სამდივნოში თავად თავართქილაძემ მიიტანა და იგი კანცელარიაში 13 თებერვალს დაარეგისტრირეს. მთავრობის თავმჯდომარემ კი მას ხელი 15 სამუშაო დღის შემდეგ მოაწერა. ხელმოწერებზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაატა ჯალაღონია თავართქილაძეს ურჩევს შესაბამის უწყებებს მიმართოს. ყოფილი მინისტრი მადლობას უხდის კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მურმან დუმბაძეს. შეგახსენებთ, მისი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად რეგიონში 40 მილიარდიანი ინვესტიციის დაბანდების დაანონსება სახელდება, რასაც იგი დღესაც რეალურად მიიჩნევს. ამ დროისათვის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას დავით ბალაძე ასრულებს. ახალი მინისტრი თანამდებობაზე 2 კვირის ვადაში უნდა დაინიშნოს.