ლადო გურგენიძე "ლიბერთი ბანკიდან" აღარ მიდის და მას სამეთვალყურეო საბჭოში უფლებამოსილება 2017 წლის ბოლომდე გაუგრძელდება. ამასთან, საბჭოში ვაკანტურ ადგილზე, ყაზახეთის მოქალაქე განიხილება. ცვლილებებს ადასტურებენ თავად "ლიბერთი ბანკში". გადაწყვეტილება 18 დეკემბერს ბანკის აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე გაფორმდება. რამდენიმე დღის წინ "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო, პატარკაციშვილის ოჯახთან აფილირებულმა, „სტანდარტ ბანკის" მენეჯერებმა, გოგა კალანდარიშვილმა და ირაკლი რუხაძემ დატოვეს. ისინი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ივნისში შევიდნენ. შეგახსენებთ, აქციონერებმა 19 ივნისის კრებაზე, მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დამტკიცების გარდა, საბჭოდან აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლადო გურგენიძის ვადამდე გასვლის საკითხიც განიხილეს და გურგენიძის თხოვნას მხარიც დაუჭირეს, თუმცა, მოგვიანებით, ვითარება შეიცვალა და ლადო გურგენიძე ბანკში დარჩა. პარალელურად მიმდინარეობს მინორიტარებისგან ბანკის აქციების გამოსყიდვის პროცესიც.