რობი უილიამსი, Maroon 5-ი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი, – მსოფლიო მეგავარსკვლავები საქართველოში მასშტაბური პროექტის, „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, კონცერტებს გამართავენ. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარი გამოიყო. იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში 24 აპრილს იმღერებს, რობი უილიამსს კი მაყურებელი 27 მაისს „დინამო არენაზე“, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში მოუსმენს. „მარუნ ფაივი“ (Maroon 5) „ჰიტ ბათუმს“ (Heat Batumi) 7 ივნისს გახსნის. შოუ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი. რაც შეეხება საოპერო სამყაროს ლეგენდას – ხოსე კარერასი ქალაქ ქუთაისში 18 ივნისს წარდგება მაყურებლის წინაშე. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, წლის განმავლობაში ასევე დაგეგმილია საქართველოს 19 ქალაქში 35 მასშტაბური კინო, ფოტო, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების ჩატარება. პროექტის მიზანია, ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეობას.