აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები შემთხვევის ადგილიდან
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შვიდი სპორტსმენის გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალად ედებათ აპრილში ნამახვან-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაკავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.
მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ 12 აპრილს აქციაზე მომხდარი ინციდენტი პროვოკაცია იყო. ისინი სპორტსმენების დაკავებას, რომელთა შორისაც არიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, პოლიტიკურს უწოდებენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 12 აპრილს აქციის დროს სხეულის დაზიანება მიაყენეს აქციის სამ მონაწილეს, ასევე დააზიანეს ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკუთვნოდა.
ექვსი სპორტსმენი - ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, 15 აპრილს ბათუმში დააკავეს. რამდნეიმე დღის შემდეგ დააკავეს ელდარ ანთაძეც.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის“ მუხლით. დანაშაული ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
თავად ბრალდებულდა ვერსიის თანახმად, აქციაზე მათთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც პროვოკაციული შეკითხვები დაუსვა, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.