პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ძალით გამოიყვანა ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ
ზუგდიდის საკრებულოში დილიდან ხმაური იყო. „ნაცმოძრაობის“ მოშიმშილე წევრებმა და პარლამენტის დეპუტატმა ანი წითლიძემ ძალით გაარღვიეს დაცვის კორდონი და სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც პროტესტანტი ოპოზიციონერები დარბაზიდან გაიყვანეს, მათი ნივთები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის კაბინეტში მიიტანეს. მანამდე ოპოზიციონერები სწორედ იქ შიმშილობდნენ.
ოპოზიციონერების თქმით, ისინი არ დაუშვებენ საკრებულოს წინანდელმა შემადგენლობამ დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი. საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს საქმიანობა ოფიციალურად ჯერ არ დაუწყიათ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის სიტყვები უარყო. საკრებულოს ხელმძღვანელ ბესიკ ჭეჟიას თქმით, იგეგმებოდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა და 25 ნოემბრამდე მისი მერიაში დასამუშავებლად გადაგზავნა.
მანამ, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია არ დანიშნავს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, ძალაუფლებას შეინარჩუნებს წინა შემადგენლობა, რომელშიც უმრავლესობა მოპოვებული აქვს მმართველ პარტიას. სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღეში უნდა ჩაინიშნოს.
ცესკომ შედეგები 13 ნოემბერს გამოაქვეყნა. ბოლო არჩევნების შედეგების თანახმად, ზუგდიდის საკრებულოში 45 ადგილიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 13 ადგილი ერგო. ნაცმოძრაობამ მიიღო 29 მანდატი, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ - სამი.